English / ქართული / русский /
ლელა კამლაძე
კატასტროფული რისკების დაზღვევის ზოგიერთი ასპექტის შესახებ

ანოტაცია

ტრადიციულად, სადაზღვევო ბიზნესი ორ კლასად იყოფა: სიცოცხლის დაზღვევის სახეობები და დაზღვევის ყველა დანარჩენი სახეობა. როდესაც ამ კლასებს ახასიათებენ, ძირითადად აღნიშნავენ, რომ სიცოცხლის დაზღვევა წარმოადგენს გრძელვადიან ბიზნესს, ხოლო მეორე კლასში შემავალი სახეობები მოკლევადიანია.

მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში კატასტროფული და სხვა ქონებრივი რისკები ერთ პაკეტშია მოთავსებული, აღნიშნული განსხვავებები მოითხოვს, სადაზღვევო კომპანიამ  მათ მიმართ მკვეთრად განსხვავებული მიდგომები შეიმუშაოს.

საკვანძო სიტყვები: სადაზღვევპ ბიზნესი, კატასტროფული რისკები, ქონებრივი რისკები, სიცოცხლის დაზღვევა.

ტრადიციულად, სადაზღვევო ბიზნესი ორ კლასად იყოფა: სიცოცხლის დაზღვევის სახეობები და დაზღვევის ყველა დანარჩენი სახეობა. როდესაც ამ კლასებს ახასიათებენ, ძირითადად აღნიშნავენ, რომ სიცოცხლის დაზღვევა წარმოადგენს გრძელვადიან ბიზნესს, ხოლო მეორე კლასში შემავალი სახეობები მოკლევადიანია.

ძირითადად ეს დახასიათება სწორია, თუმცაღა არსებობს გამონაკლისებიც.  ცნობილია, რომ არსებობს მოკლევადიანი სიცოცხლის დაზღვევაც, ე.წ. რისკობრივი, არადაგროვებადი დაზღვევა, სადაც იფარება მხოლოდ დამზღვევის გარდაცვალების რისკი და დაზღვევის პერიოდი ხშირად ერთ წელს არ აღემატება.

ამგვარი გამონაკლისები არასიცოცხლის დაზღვევის სფეროშიც გვხვდება და ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს კატასტროფული რისკების დაზღვევა წარმოადგენს. ეს თეზისი მოითხოვს უფრო დაწვრილებით განხილვას, ვინაიდან, ერთი შეხედვით, მისი მართებულობა არ არის ცხადი. მართლაც, გარეგნულად მომხმარებლის (დამზღვევის) გადასახედიდან კატასტროფული დაზღვევა გამოიყურება, როგორც მოკლევადიანი (განსხვავებით სიცოცხლის გრძელვადიანი დაზღვევის სახეობებისგან). 

ამგვარი რისკები (მაგალითისთვის მხედველობაში შეიძლება ვიქონიოთ მიწისძვრის რისკი) ტიპურად ხანძრის, აფეთქების, ძარცვა-ყაჩაღობის, ვანდალიზმის და სხვა რისკებთან ერთად შედის ქონებრივი დაზღვევის პაკეტში და, როგორც წესი, შესაბამისი დაზღვევა ერთი წლის ვადით ფორმდება. ამავე დროს, სადაზღვევო კომპანიებისთვის (მზღვეველთათვის) კატასტროფული რისკები მკვეთრად განსხვავდება სხვა ქონებრივი რისკებისაგან და ძირითადი განსხვავევები შემდეგში მდგომარეობს:

 კატასტროფული რისკები არ არის ერთმანეთისგან დამოუკიდებლები – ერთმა სტიქიურმა უბედურებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაზღვეულ რისკთა დიდი ნაწილის განხორციელება. ამისგან განსხვავებით, მაგ., სახანძრო რისკები შეიძლება პრაქტიკულად ერთმანეთისგან დამოუკიდებლებლად ჩავთვალოთ, თუ არ ვიგულისხმებთ ხის მასალით გაშენებულ ქალაქებს, სადაც ხანძარი კატასტროფულ რისკს წარმოადგენს (ამის მაგალითებია წარსულში მომხდარი დიდი ხანძრები ჩიკაგოსა და ლონდონში).

კატასტროფის ალბათობა ერთი წლის განმავლობაში (მაგალითად, ჩვენს რეგიონში) გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე ალბათობა იმისა, რომ ერთი წლის განმავლობაში მზღვეველის პორტფელი სხვა ტიპის რაიმე ზარალს გამოიწვევს. სხვა სიტყვებით, შეიძლება გავიდეს მრავალი წელი ყოველგვარი კატასტროფის გარეშე, იმ დროს როდესაც თითქმის არ არსებობს ისეთი წელიწადი, რომ პორტფელში არ მოხდეს ერთი ან რამდენიმე ხანძარი, ძარცვა-ყაჩაღობა ან სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში კატასტროფული და სხვა ქონებრივი რისკები ერთ პაკეტშია მოთავსებული, აღნიშნული განსხვავებები მოითხოვს, რომ სადაზღვევო კომპანიამ  მათ მიმართ მკვეთრად განსხვავებული მიდგომები შეიმუშაოს.

; კერძოდ, ნებისმიერი სხვა ქონებრივი რისკების დაზღვევა განიხილოს როგორც მოკლევადიანი ბიზნესი, ხოლო კატასტროფული რისკების დაზღვევა – როგორც გრძელვადიანი. მართლაც, ბიზნესის მოკლევადიანობა სხვა სიტყვებით იმას ნიშნავს, რომ პორტფელში აკრეფილი პრემია ჰყოფნის იმავე წლის განმავლობაში პორტფელით გამოწვეული ზარალების დაფარვას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ ეფექტს იძლევა პორტფელში გაერთიანებულ დამზღვევებს შორის რისკის გადანაწილება და ეფექტი მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მაღალია მათი ერთმანეთისგან დამოუკიდებლობის ხარისხი.

დამოუკიდებლობის პირობებში ეფექტის სიძლიერეზე ასევე მნიშვნელოვნად მოქმედებს პორტფელის მოცულობა – რაც უფრო დიდია პორტფელი, მისი ერთიანი (ჯამური) რისკი მით უფრო სტაბილური ანუ განჭვრეტადია, და მით უფრო მაღალი სანდოობით არის შესაძლებელი საკმარისი სადაზღვევო პრემიის განსაზღვრა.

გასაგებია, რომ კატასტროფული რისკების არსებობის პირობებში გარკვეულ რეგიონში მოქმედი კომპანიისათვის აბსოლუტურად შეუძლებელია ერთ წელიწადში ისეთი პრემიის აკრეფა, რომელიც ამ წელს მომხდარი კატასტროფის შემთხვევაში დაფარავს მთელ ზარალს.

 ამის მიზეზი სწორედ კატასტროფულ რისკებს შორის ზემოთ აღნიშნული დამოკიდებულებაა, რაც ფაქტობრივად ანულებს პორტფელის შიგნით რისკის გადანაწილების ეფექტს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პორტფელის მოცულობა საკმაოდ დიდია. მაშასადამე, კატასტროფული რისკების დაზღვევა უნდა განიხილოს როგორც გრძელვადიანი ბიზნესი, სადაც რისკის გადანაწილება ძირითადად დროში ხდება და არა დამზღვევებს შორის. კომპანიისათვის ასეთი მიდგომა მართებულია იმის მიუხედავად, რომ გრძელვადიანი სიცოცხლის დაზღვევისაგან განსხვავებით, წლიდან წლამდე კონკრეტული დამზღვევები შეიძლება იცვლებოდნენ.

საერთაშორისო სადაზღვევო ბაზრის თვალსაზრით, მოცემული რეგიონის კატასტროფული რისკები შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც მოკლევადიანი ბიზნესის საგანი. სხვა სიტყვებით, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ამ რისკების გადაზღვევა და გადამზღვევლის პორტფელში ერთდროულად აღმოჩნდება მრავალი, ერთმანეთისგან დაშორებული რეგიონების კატასტროფული რისკები, კვლავ გაჩნდება დამოუკიდებლობა, ამუშავდება რისკის “სივრცეში” გადანაწილების პრინციპი და ამ პორტფელის წლიურმა პრემიამ შესაძლოა კიდევაც დაფაროს შესაბამისი წლიური ზარალი.

აქედან გამომდინარე, ცხადია,  რეგიონული სადაზღვევო კომპანიისათვის გადაზღვევა ადგილობრივი კატასტროფული რისკების დაზღვევის წარმოების სწორი და კარგი საშუალებაა.

ამავე დროს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ კატასტროფების იშვიათობის გამო, სწორი სტრატეგია გრძელვადიან პერსპექტივაში რაიმე ტიპის “შერეულ” ქცევაში მდგომარეობს – ზოგიერთ წელს გადავაზღვიოთ ბიზნესი, ზოგიერთ წელს კი – “გავრისკოთ” და არ გადავაზღვიოთ, ან გადავაზღვიოთ მხოლოდ მცირე ნაწილი. ცხადია,  თუ კომპანია რომელიმე წელს ბიზნესის დიდ ნაწილს გადააზღვევს, მას ძალზე მცირე შემოსავალი დარჩება და თუ იმ წელს კატასტროფა არ მოხდა, ,,გადაყრილი ფული” სინანულს გამოიწვევს. 

კომპანიამ შეიძლება ჩათვალოს, რომ მას შეეძლო მეტი შემოსავლის მიღება და პრემიის ნაწილის სამომავლოდ თავად დარეზერვირება. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ გზით კომპანიას თავად შეუძლია გრძელვადიანი ბიზნესის წარმოება, ანუ წლების განმავლობაში საკმარისი რეზერვის შექმნა და გადაზღვევაზე საერთოდ უარის თქმა.

განხილულიდან გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა: თუ ქცევის კრიტერიუმად კატასტროფის მოხდენამდე საშუალო ჯამურ ფულად ნაკადს ავირჩევთ, რეგიონული სადაზღვევო კომპანია შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ კატასტროფული რისკები საერთაშორისო ბაზარზე გადააზღვიოს, თუ გადაზღვევის პრემია არაბუნებრივად მაღალი არ არის. ეს დასკვნა სამართლიანია როგორც პროპორციული, ასევე არაპროპორციული გადაზღვევისათვის.

სხვა სიტყვებით, პორტფელში გაერთიანებულ რისკებს შორის ძლიერი დამოკიდებულების არსებობისას, ფინანსურად წამგებიანია ბიზნესის გრძელვადიან პრინციპეპზე წარმოება, ანუ რისკის დროში გადანაწილება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ყველა შემოსული წლიური პრემა მთლიანად რეზერვირდება და ინვესტირდება ისე, რომ მისი დღევანდელი ღირებულება უცვლელი დარჩეს. უფრო მეტიც, ასევე წამგებიანია რაიმე სახის შერეული ქცევა – გადაზღვევის დონის ცვლა წლების განმავლობაში. 

კატასტროფული რისკები მაქსიმალურად ფართო პორტფელში უნდა იყოს განთავსებული, რათა მაქსიმალურად იმოქმედოს “სივრცეში” რისკის გადანაწილების ეფექტმა, თუნდაც ყოველწლიურად კომპანიას გადაზღვევის შემდეგ მინიმალური შემოსავალი რჩებოდეს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. А. А. Юшкевич, Р. Я. Читашвили. Управляемые случайные

последовательности и Цепи маркова. Успехи мат. наук, том 37, выпуск

6(228), 1982.

2. მიხეილ მანია, გურამ მირზაშვილი. დაზღვევის ძირითადი პრინციპები

მათემატიკური თვალსაზრისით. აქტუარების და ფინანსური

ანალიტიკოსების ასოციაცია. თბილისი, 1999.

3.  ნ. ლაზრიევა, მ. მანია, გ. მირზაშვილი, თ. ტორონჯაძე, ო. ღლონტი, ლ.

ჯამბურია. ფინასური ანალიზის რაოდენობრივი მეთოდები. ა. რაზმაძის

სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, საქართველოს სტატისტიკური

ასოციაცია, ფონდი “ ევრაზია”, თბილისი, 1999.